მაშველებმა დაასრულეს მოსკოვის გარეუბანში „კროკუს სიტი ჰოლის“ ნანგრევების გაწმენდა, იტყობინება რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო. „უწყების სპეციალისტებმა მთლიანად მოახდინეს ხანძრის შედეგების ლიკვიდაცია და დაასრულეს ნანგრევების გაწმენდა. შემდგომი სამუშაოები მექანიზებული საშუალებით ჩატარდება საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მონაცემებით, დაშალეს და გაიტანეს 900 კუბურ მეტრზე მეტი დანგრეული კონსტრუქციები. სანამ მუშაობას მძიმე ტექნიკა შეუდგებოდა, მაშველები ხელით ჭრიდნენ და შლიდნენ კონსტრუქციებს, აღნიშნულია ცნობაში. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა. ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან. 24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი. ...