მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრძელებს მტკიცებას, რომ უკრაინას შეიძლებოდა კავშირი ჰქონდეს „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან, რუსეთის ლიდერის უახლოესი წრის ნაწილი არ ეთანხმება ამას, წერს Bloomberg-ი კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე ოთხ ადამიანზე დაყრდნობით. მათი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას კიევის კავშირის მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს თავად პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ფსბ-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ პუტინი სავარაუდოდ ესწრებოდა დისკუსიებს, რომელთა დროსაც ოფიციალური პირები თანხმდებოდნენ, რომ მომხდარს კიევთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, ეს ტრაგედია გამოიყენოს უკრაინაში ომის გარშემო რუსების გასაერთიანებლად, ირწმუნება Bloomberg-ის წყარო. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, კრემლის ოფიციალური პირები შეაძრწუნა იმან, რომ უშიშროების სამსახურებმა ვერ აღკვეთეს თავდასხმა საკონცერტო დარბაზზე ცეცხლსასროლი იარაღით. რუსეთში მათთვის ნაცნობი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტიდან თითქმის არავის არ სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო ხელი შეეწყო ამ თავდასხმისთვის, წერს სააგენტო. კიევში კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის მონაწილეობას „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტრაგედიაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკვე უწოდა Bloomberg-ის პუბლიკაციას „ყველა ფეიკის დედა“. ...