ისრაელმა წუხელ ინტენსიურად დაბომბა სამხრეთი ღაზა, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი პალესტინელთა ტერიტორიაზე, სადაც შიმშილობის საფრთხეა. როგორც Agence France-presse იტყობინება, ცეცხლს უშენდნენ სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს. ეს ღაზის უკანასკნელი ურბანული ცენტრია, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სახმელეთო ჯარებს ჯერ არ განუხორციელებიათ იერიში. რეგიონში თავი მოიყარა დაახლოებით მილიონ-ნახევარმა ადამიანმა, რომელთაგან ბევრმა ეგვიპტის საზღვარს მიაშურა. Agence France-presse-ის თანახმად, აფეთქებების ხმები ისმოდა და კვამლი ჩანდა ასევე უფრო ჩრდილოეთით, ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელის ჯარები ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უტევენ ქალაქის უდიდეს საავადმყოფოს. ასევე ნახეთ ღაზის სექტორი - უახლესი 75 წელი მოკლედ როგორც ოთხშაბათს განაცხადა სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) აკონტროლებს, წუხელ ღამით დაიღუპა 66 ადამიანი, მათ შორის სამი - რაფაჰსა და მის შემოგარენში. ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო პირველი რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“ და ღაზაში დარჩენილი 130-მდე ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას. როგორც ვარაუდობენ, მათგან 34 ცოცხალი არ არის. ისრაელის ჯარებმა ასევე ალყა შემოარტყეს ორ საავადმყოფოს ხან-იუნისში, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილნაცვალი პირების ბანაკზე ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ჰაერიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება ჰამასმა ითხოვა, შეწყდეს დახმარების ციდან მიწოდება, ვინაიდან ამ მეთოდს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა ღაზაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჰამასის მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის იერიშს ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ...