რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინს ცენტრალიზებულად მისცა ხმა სამხედროების 99,27%-მა. "კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 1,5 მილიონზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და სამოქალაქო პერსონალმა. პერსონალის აქტივობა რეკორდული გახდა და 99,8% შეადგინა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამხედრო ელექტორატის კენჭისყრა "ცენტრალიზებულად" ჩატარდა, - აღიარებს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ინფორმაციით, ასეთი შედეგები ქვეყნის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების მიმართ "აბსოლუტურ მხარდაჭერას" აჩვენებს. ამრიგად, პუტინისთვის მიცემული ხმების დაახლოებით ორი პროცენტი სამხედროებს ეკუთვნით. საარჩევნო ანალიტიკოსების გათვლებით, ამ ხმების 29% ფალსიფიცირებული იყო. ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის მარტში მეხუთედ იყარა კენჭი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 2024 წლის 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის ჩატარებამდე ვლადიმირ პუტინმა ყველა შესაძლო ოპონენტი სხვადასხვა გზით მოიშორა, მან, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არჩევნების ისტორიაშიც კი ხმების რეკორდული რაოდენობა - 87%-ზე მეტი მიიღო. მეტიც, რუსეთის პრეზიდენტმა ამ მაჩვენებლით თვით ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც კი გადაუსწრო და ჩაეწერა პოსტსაბჭოთა ქვეყნების იმ მმართველების რიგებში, რომელთა შედეგები ახლოსაა 100%-იან მაჩვენებელთან. ასევე ნახეთ ანომალიური ხმები და პუტინი თურქმენბაშის გზაზე ჟურნალისტების გათვლებით, პუტინმა, სულ მცირე, 21,9 მილიონი ხმა მიითვისა. დამოუკიდებელმა საარჩევნო ექსპერტმა რომან უდოტმა განაცხადა, რომ მეცნიერული მეთოდით გაკეთებული გათვლები აჩვენებს 20-22 მლნ „ანომალიურ ხმას“, თუმცა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ მიიჩნევს, რომ პუტინმა თაღლითობის გზით დამატებით, სულ მცირე, 31,6 მილიონი ხმა მიიღო. 2030 წელს პუტინს კვლავ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. ასევე ნახეთ პუტინი ძალაუფლებით დაავადდა. მან მოღვაწეობა ჰააგაში, განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს - ზელენსკი ...