სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით. სააგენტო ასევე იუწყება, რომ გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. "ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების გადმოცემის სირთულეები", - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, უკვე 18 მარტიდან ნებართვები გაიცემა განაცხადების საფუძველზე, არა ქოლცენტრის მეშვეობით, არამედ შედგენილი სიების და გრაფიკის მიხედვით. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მძღოლმა ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: "სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა შეგვითანხმდა, რომ უნდა მოხდეს გადამზიდავთა გაწევრიანება და ფორმირება ასოციაციებად, ეს წარმომადგენლობითი ასოციაციები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას მომავალში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში. პრინციპში, ეს სწორედ ის იყო, ჩვენი მოთხოვნა. შეკრებილი ადამიანები დაიშლებიან". მძღოლები ჩიოდნენ, რომ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემდა. მათი თქმით, უწყება ნებართვებს "შავი ბაზრის" გავლით ყიდის. ამის გასაპროტესტებლად, ისინი საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ასევე ნახეთ ტრაილერის მძღოლები ჩივიან, რომ ნებართვები "შავ ბაზარზე" გაიცემა - მათ ეკონომიკის მინისტრი შეხვდა ...