რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 60 დრონი და სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა. ეს მონაცემები სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. მისი ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ რუსეთის კურსკის, რიაზანის, ბელგოროდის და სარატოვის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ძლიერი სარაკეტო-საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ სექტორზე. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, ძირითადად გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები. ასევე - 3 აერობალისტიკური „კინჟალი“ და 2 ბალისტიკური „ისკანდერ მ“. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 26 რუსული რაკეტა და 58 უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე ნახეთ უკრაინაში ელექტროსადგურები დაზიანდა რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ქვეყნის ენერგოსისტემაზე რუსეთის შეტევას ბარბაროსობა უწოდა. შმიჰალის ინფორმაციით, ენერგოობიექტები დაზიანებულია დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ჩერკასის და ჩერნოვიცის ოლქებში. ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორებისგან სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა, რათა მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას. უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური შეტევა იყო 22 მარტსაც. ...