სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი „ვიანის“ (ყოფილი „ევექსის“) კლინიკებთან გარიგების ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ პაციენტების გადამისამართებისთვის მათ ქრთამის სახით 532 126 ლარი აიღეს. „[დაკავებულები] ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში“, - წერია სუსის განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისამდე პერიოდში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი „ვიანის“ კლინიკების წარმომადგენლებთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სუსის ვერსიით, კლინიკის თანამშრომლებმა პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღეს ჯამში 225 781 ლარი. მათ ბრალი წაუყენეს ქრთამის მიცემისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ქრთამად აღება ისჯება 11-დან 15 წლამდე პატიმრობით; 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით ქრთამის მიცემა ისჯება ჯარიმით ან ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სს „ვიანმა“ და განმარტა, რომ მათთვის ამ სქემის შესახებ ცნობილი არ ყოფილა. რაც შეეხებათ ბრალდებულებს, კომპანიის განმარტებით, ისინი მათი თანამშრომლები არ ყოფილან. ...