ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მაშველებმა ჯერ მიაკვლიეს "ბურანს", რომლითაც კაცი გადაადგილდებოდა, შემდეგ მის ტანსაცმელს და ბოლოს - ცხედარს. ცნობილია მისი ვინაობაც - 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე ბაკურიანის მკვიდრია და ტრაგედიის დღეს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, თოვლში "ბურანით" სეირნობდა. მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი ზვავს გადაურჩა. ამ დროისთვის, დაღუპული ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაჰყავთ. ინფორმაცია კაცის ზვავში მოყოლის შესახებ 28 მარტს გავრცელდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. როგორც იტყობინებოდნენ, სამძებრო სამუშაოებს, გარკვეულ ეტაპებზე, უამინდობა და, მათ შორის - ძლიერი ქარი უშლიდა ხელს. ...