უკრაინელი სამხედროების თქმით, ქვეანამ რუსეთის მხრიდან დაბომბვის კიდევ ერთი ღამე გადაიტანა, რომლის დროსაც დრონებისა და რაკეტების სამიზნეები სამოქალაქო ობიექტები იყო ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში, მაშინ, როცა უკრაინის შეუპოვარმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა "გაძლებს", რუსეთის ამ იერიშის მიუხედავად. რუსეთმა ბოლო ხანს გააძლიერა თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, იტყობინებიან მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ, რამაც უკრაინაში შიში გააჩინა, რომ კვლავ მოხდება ელექტროენერგიის გათიშვა, როგორც ეს 2022-23 წლის ზამთარში ხდებოდა, როცა რუსეთმა დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რამაც ელექტროენერგიით მომარაგებაში დიდი პრობლემები გააჩინა. უკრაინის უდიდესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, DTEK-მა, 30 მარტს განაცხადა, რომ მისი ექვსი ელექტროსადგურიდან ხუთი დაზიანდა ან განადგურდა, რითაც მან გამომუშავების სიმძლავრის 80 პროცენტი დაკარგა, სარემონტო სამუშაოებს კი შესაძლოა, 18 თვე დასჭირდეს. "ახლა აღარ არსებობს ისეთი ღამე ან დღე, რუსული ტერორი რომ არ ცდილობდეს ჩვენი ცხოვრების განადგურებას. გასულ ღამეს, მათ კვლავ დაუშინეს ხალხს რაკეტები და შაჰედის დრონები. მაგრამ ჩვენ ვიცავთ თავს, ჩვენ ვუძლებთ, ჩვენი სული უტეხია და იცის, რომ სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია. სიცოცხლეს შეუძლია გამარჯვება", დაწერა ზელენსკიმ სოციალური მედიის პოსტში, რომელიც 31 მარტს, აღდგომა დღეს გამოქვეყნდა. უფრო ადრე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით, მთლიანობაში, 16 რაკეტა და 11 დრონი დაუშინა უკრაინას. მისი ცნობით, საჰაერო ძალებმა მოახერხეს ცხრა დრონისა და ცხრა რაკეტის განადგურება. დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რეგიონში, ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ბოლო თავდასხმებმა დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ოდესის რეგიონში და სასოფლო-სამეურნეო ობიექტი ხერსონის რეგიონში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის რეგიონში ჩამოაგდეს რვა დრონი, რომელთა ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ადგილობრივ ელექტროსადგურზე. იტყობინებოდნენ ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ რეგიონში. სამხედროების თქმით, ხანძარი ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. უკრაინელი სამხედროების თქმით, ხერსონის რეგიონში, რუსეთის საჰაერო თავდასხმისა მოხდა სასოფლო-სამეურნეო ობიექტზე. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ყოფილა. ასევე ნახეთ ვის ხედავენ ომში გამარჯვებულად და ვინ არის მზად უკრაინის დასახმარებლად ევროპაში? ...