„მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, 31 მარტს. მას არ დაუკონკრეტებია - თუ რა გზით დააგროვა მრავალმილიონიანი ქონება ტარიელ ღარიბაშვილმა, რომელიც საპენსიო ასაკშია. „სხვადასხვა საშუალებით შექმნა“, - ასეთია განმარტება. „ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად კანონიერი, ლეგალური ბიზნესსაქმიანობა. ამის თაობაზე, თუ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, თუ საიდან აქვს მამაჩემს, რომელსაც მოიხსენიებთ როგორც პენსიონერს...“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. მისი მამისა და ზოგადად, ოჯახის სიმდიდრის შესახებ ინტერესი ახალი არ არის. შეკითხვები ისმებოდა ყოველ ჯერზე, როცა მშობლები ყოფილ პრემიერს დიდ ფულს, ანდა ძვირად ღირებულ სერვისებს უძღვნიდნენ. ღარიბაშვილის ოჯახის შესახებ არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული და დასმულია მრავალი უპასუხო შეკითხვა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, ფლობს შპს „ქართული ფესვების“ 50-პროცენტიან წილს. მან კომპანიის ნახევარი, 2023 წლის თებერვალში, 200 ათას ლარად იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სფეროებია მევენახეობა, ღვინის წარმოება და რეალიზაცია (და სხვა). 2023 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა ახალი კომპანია - შპს „ღარიბაშვილის მარანი“ - დააფუძნა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2024 წლის 23 მარტს განახლებული დეკლარაციის თანახმად, ტარიელ ღარიბაშვილმა 109 500 ლარი გადაიხადა ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში. დამატებით, ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაჯდა. დეკლარაციის თანახმად, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, 2023 წელს, მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო. 2023 წელს, ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა; შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს; სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი - 6255 ლარი. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა, ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5958 კვადრატული მეტრი ტყე 49-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. დეკლარაციაში არ ჩანს პრემიერის ძვირად ღირებული საათები, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლებას ჟურნალისტური გამოძიება აქვს მომზადებული. ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დასაბუთებაზე - მედიის წარმომადგენლებმა, 31 მარტს, არაერთი შეკითხვა დაუსვეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რ...