ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა იერუსალიმის ქუჩებში 31 მარტს. ეს იყო ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა გათავისუფლდეს ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული) მიერ დაკავებული ათეულობით მძევალი და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ისრაელის საზოგადოება გაერთიანებული იყო 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასი თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს, 1200 პირი მოკლა და 240 მძევალი წაიყვანა. თითქმის ექვსთვიანმა კონფლიქტმა კვლავ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის გარშემო, თუმცა ისრაელის საზოგადოება ძირითადად ემხრობა ომს. ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მოსპობდა ჰამასს და მძევლებს შინ დააბრუნებდა, მაგრამ ეს მიზნები განუხორციელებელია. ჰამასმა დიდი დანაკლისი განიცადა, მაგრამ მთლიანობაში ქმედუნარიანი დარჩა. მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლეს ნოემბერში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ მას მერე წარუმატებელია საერთაშორისო შუამავლების მცდელობა, გათავისუფლდნენ დანარჩენი მძევლებიც. 31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა, მაგრამ არ არის ნიშანი იმისა, რომ წინსვლა იქნება. მძევლების ოჯახები თვლიან, რომ დრო გადის და სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ ნეთანიაჰუს მიმართ უკმაყოფილებას. ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები თვლიან, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს. ასევე ნახეთ ისრაელი ომში ყველა თავისი მიზნის ერთგულია - ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე ნახეთ ბაიდენი: ნეთანიაჰუ ისრაელს ზიანს აყენებს ღაზაში მეტი სამოქალაქო მსხვერპლის არაღკვეთით ...