1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე კოლეგებს აცნობა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, როგორც დავითულიანის განცხადებიდან ჩანს, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს. „პირველ რიგში, „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაგო დამეთანხმება, შედგა უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია. პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეთანხმება უმრავლესობა, ასევე ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. უმრავლესობის და ფრაქციის პოზიცია ასეთია. ამავდროულად, ერთ რემარკას გავაკეთებ, რომ სამაგიეროდ, „გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს არჩევას, აქ ისინი [„გირჩის“ წევრები] იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე დამოკიდებული და არ იქნება გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის [გამოყენებული]“, - თქვა ბექა დავითულიანმა. ბიუროს სხდომაზე იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. მან ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს „მორალურად მნიშვნელოვანი" უწოდა. „მე მინდა, პირველ რიგში მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. ამ, ჩემი აზრით, მორალურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მე მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებული რეალობით, გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ვაღიარეთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში ან წარსულში და ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემლობა, ან ცოტა მერე, ან დღეს გვაქვს ქალთა ჩაგვრა", - აღნიშნა ხვიჩიამ. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კი იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს, ისე რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძ...