"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართავს, რომ მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა პარტიის ოფისში. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს. ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც "ენჯეო" სექტორის რიგით წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. მან ასევე ისაუბრა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელმაც ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე განიხილა. მდინარაძის განცხადებით, იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როდესაც სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირეს, "პრაქტიკულად სანქცია დაედო" ლაშა ჩხიკვაძეს. მისივე სიტყვებით, ჩხიკვაძეს სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და როგორც მოსამართლეს არ ეძლევა საშუალება, მიიღოს სხვადასხვა დაგეგმილ აქტივობაში მონაწილეობა. "ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მოხსნათ მათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა [აშშ-მა] რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს საქართველოში ამ ფაქტით მანიპულირების უფლება", - თქვა მდინარაძემ. 2023 წლის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. საქართველოში აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა მაშინ განმარტა მიზეზი, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება. დეგნანმა ამ საკითხზე გავრცელებულ ვიდეომიმართ...