სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ცოლზე მუქარის ბრალდებით დააკავა. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, დანაშაული რამდენიმე კვირის წინ, 23 თებერვალს, მოხდა. კაცმა აზარტულ სათამაშოებში თანხა წააგო, სახლში დაბრუნების შემდეგ კი ცოლთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც მოკვლით დაემუქრა. „დაზარალებულს ყველა შემთხვევაში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 126-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილი - ოჯახის წევრზე ძალადობა; 11 პრიმა - 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ მუქარა; 11 პრიმა - 151-ე მუხლის მეორე ნაწილით - ოჯახის წევრის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. ...