მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ პანკჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილესა და „მედიაზონის“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს დაუსწრებლად მიუსაჯა 8 წლითა და ოთხი თვით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების მუხლით. ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“. სასამართლომ ვერზილოვს ასევე აუკრძალა ვებსაიტების ადმინისტრირება სამი წლისა და ათი თვის განმავლობაში. საქმის აღძვრის საბაბი გახდა სოცქსელების პუბლიკაცია უკრაინის ქალაქ ბუჩაში მკვლელობების შესახებ. 2023 წლის ნოემბერში ვერზილოვს ამავე ბრალდებით მიუსაჯეს რვა-ნახევარი წლით კოლონია, მაგრამ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ საქმე გადასახედად დააბრუნა პროცესუალური დარღვევების გამო. ასევე ნახეთ "მედიაზონის" ყოფილ გამომცემელ პიოტრ ვერზილოვს 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს "ფეიკების" ბრალდებით ამის შემდეგ მალე, მარტში, ცნობილი გახდა, რომ ვერზილოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. ამ საქმის ფარგლებში რუსეთში მხატვრებისა და აქტივისტების მასობრივი ჩხრეკები ჩატარდა. ვერზილოვი რუსეთისა და კანადის მოქალაქეა, მან მოსკოვი 2020 წელს დატოვა. ოქტომბერში მან ინტერვიუში თქვა, რომ მინიმუმ 2022 წლიდან მსახურობს უკრაინის არმიაში. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მან დატოვა „მედიაზონის“ გამომცემლის პოსტი. ბუჩის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის გარდა რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. გარდა ამისა, ის შეყვანილია ე.წ. უცხოეთის აგენტების სიაში. ...