საქართველოს პროკურატურა მიმართავს ნიდერლანდის სამართალდამცავ უწყებებს, დააკავონ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ის დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად შენიშნა. „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში. ნიდერლანდში ჩასვლამდე ადეიშვილი იმყოფებოდა ბელგიასა და გერმანიაში. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს. ასევე ნახეთ საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის დაკავების მიზნით ბელგიასა და გერმანიას მიმართა ადეიშვილმა, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანა 2012 წელს,, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. ...