საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებით გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ. პრეზიდენტმა კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. „პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია „რუსული კანონი“ და რუსული მიმართულება, პასუხი არის მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა... არჩევნები მოდის ცოტა ხანში. ხელისუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, მიშას დაბრუნება - ეს ყველაფერი მითებია, რომლითაც უნდათ შეაშინონ ქართული საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა - ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი“, - თქვა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ევროპული დროშით გასვლის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც პარტიების გაერთიანებას. „უნდა გავიდეთ არჩევნებზე. უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო სწორედ, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა. აქ საჭირო არის მომზადება იმისთვის, რომ ყველა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ - რამდენიმე პარტიით, ალბათ, მაგრამ ეს არის ევროპული დროშა და სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. ეს არ ნიშნავს პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს გამსხვილებას. ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე ნახეთ პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!.. „ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას. როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება...