რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დანით დაჭრეს. რუსული სააგენტოები ექიმებზე დაყრდნობით წერენ, რომ ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჩიბისის მდგომარეობა მძიმეა. გუბერნატორი რეანიმაციაშია. ანდრეი ჩიბისს 4 აპრილს, გვიან საღამოს, დაესხნენ თავს ქალაქ აპატიტის კულტურის სახლთან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა. შენობიდან გამოსულ ჩიბისს კაცი მიუახლოვდა და მუცელში დანით დაჭრა. სახელმწიფო მედიასაშუალებები რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა გვარდიის თანამშრომელმა, რომელიც სხვა ოფიცრებთან ერთად უზრუნველყოფდა მოსახლეობასთან გუბერნატორის შეხვედრის უსაფრთხოებას. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, რომ დაკავებული პირი ქალაქ აპატიტის მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ალექსანდრ ბიდანოვია. ის რკინიგზის თანამშრომელია. გუბერნატორზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორია 2019 წლიდან. ...