რუსეთის ხელისუფლება ისევ ცდილობს უკრაინას დაუკავშიროს საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დღეს, 5 აპრილს, განაცხადა, რომ ტერაქტში ბრალდებულთა მობილური ტელეფონებიდან მიღებული მონაცემებით, 2024 წლის 24 თებერვალს, ანუ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ორი წლისთავზე, ერთ-ერთმა მონაწილემ „კურატორის მითითებით“ ინტერნეტში მოიძია და გაუგზავნა „კროკუსის“ შესასვლელების და დარბაზთან მისასვლელი გზების გამოსახულება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კიდევ ერთ შესაძლო მტკიცებულებად განიხილავს „ტერორისტის ტელეფონში აღმოჩენილ ფოტოგამოსახულებებს კამუფლირებულ ფორმაში ჩაცმული ადამიანების, უკრაინის დროშით, დანგრეული სახლების ფონზე და უკრაინული საფოსტო მარკით, რომელზეც უცენზურო ჟესტია“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ეს მონაცემები შესაძლოა, ადასტურებდეს კავშირს ჩადენილ ტერორისტულ აქტსა და სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შორის“. ამავე უწყების თანახმად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები „ტერაქტის ორგანიზებასა და დაფინანსებასთან უკრაინის სპეცსამსახურების და საერთაშორისო ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა კავშირის შესამოწმებლად“. ასევე ნახეთ Bloomberg-ის თანახმად, პუტინის გარემოცვას არ სჯერა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის მონაწილეობისა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 144 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი დაუკავშიროს უკრაინას და „კიევის რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ისინი მოსკოვის მცდელობას პროპაგანდას და სისულელეს უწოდებენ. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გააფრთხილეს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ასევე ნახეთ WP: აშშ რუსეთს აფრთხილებდა კონკრეტულად „კროკუს სიტი ჰოლზე“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ...