სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, თავისი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის [საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა] მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის [საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა] მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს არ არის საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის პირველი შემთხვევა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებულს 2022 წლის აპრილში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულმა 2021 წელს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა. ...