საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. მინისტრმა მიხელ სარჯველაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25- ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს. „პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ეს ცვლილება შეეხებათ იმ პაციენტებსაც, რომლებმაც აქამდე მოქმედი დაფინანსების წესით გათვალისწინებული 25-ათასლარიანი ლიმიტი ამოწურეს. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის დაფინანსების წესის შეცვლის მოთხოვნით თბილისში აქციებს ხშირად მართავდნენ. მათი თქმით, დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა პაციენტების ნაწილის სრულად განკურნებას. ასევე ნახეთ ონკოპაციენტების მოთხოვნები, არარეგისტრირებული წამალი და შეხვედრა ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ონკოპაციენტები აქციებით მოითხოვდნენ: გაუქმდეს 25-ათასლარიანი ლიმიტი - ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც წლიურად მოიცავს 25 000 ლარს და რაც, ონკოპაციენტების თქმით, ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის; აღმოიფხვრას ონკოპაციენტთა მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტი; ქვეყანაში შემოვიდეს ე.წ. მესამე თაობის, ახალი მედიკამენტები. 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის წესით, "მნიშვნელოვნად დაბალ ფასად" შეძენა დაიწყო. ...