უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. უკრაინა და რუსეთი ინციდენტზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ 7 აპრილს განხორციელებული შეტევისას ფიზიკური ზემოქმედება იყო სადგურის ექვსიდან ერთ რეაქტორზე. დაშავდა ერთი ადამიანი. სააგენტოს განცხადებით, სადგურის მეექვსე ენერგობლოკის დაზიანებას საშიშროება არ შეუქმნია ბირთვული უსაფრთხოებისთვის, თუმცა მსგავს სერიოზულ ინციდენტს შეუძლია დაარღვიოს რეაქტორის დამცავი სისტემის გარსის მთლიანობა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორ რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, რეაქტორის დამცავი გარსის ძირითად კონსტრუქციაზე სულ მცირე სამი პირდაპირი მოხვედრა იყო. გროსის თანახმად, ეს 2022 წლის ნოემბრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. три სააგენტოს დირექტორმა 7 აპრილის ინციდენტს სერიოზული ესკალაცია უწოდა და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მსგავსი უგუნური შეტევები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის მსხვილი ბირთვული ავარიის რისკს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ აკონკრეტებს, ვისი მხრიდან იყო დრონებით თავდასხმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაიჭრა სადგურის სამი თანამშრომელი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პროვოკაციებთან კავშირი არ აქვთ, სადგურზე „დარტყმების იმიტაცია“ კი, რუსეთის საოკუპაციო ძალების პრაქტიკაა. უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან. ასევე ნახეთ IAEA-ის წევრი ქვეყნები მოითხოვენ, რუსეთმა დატოვოს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური ...