ოკუპირებულ აფხაზეთს ამჟამად ელექტროენერგია ქართული კერძო კომპანიისგან მიეწოდება, ამის შესახებ „აფხაზურ პორტალს“ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა. თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ კერძო კომპანიაზეა საუბარი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე ლაპარაკობს მებონია. მანამდე გახდა ცნობილი, რომ ენგურჰესმა მუშაობა სადგურის სადერივაციო გვირაბში კედლის დაზიანების გამო შეაჩერა. მებონიას თქმით, სადგურის თანამშრომლები სამ ცვლაში მუშაობენ, სადგურის ამოქმედება კი 15 აპრილისთვის იგეგმება. „ცოტა მოითმინეთ“, - ეუბნება ენგურჰესის ხელმძღვანელი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს, რომელთაც ელექტროენერგია დღე-ღამეში ექვსი საათით ეთიშებათ. მებონიას თქმით, აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია 6-7-ჯერ ძვირია, ენგურჰესის ელექტროენერგიასთან შედარებით. „აპრილის განმავლობაში ამ მოცულობის ელექტროენერგია (კერძო კომპანიისთვის) იქნება დასაბრუნებელი“, - თქვა მან. “ენგურჰესის ამოქმედების შემდეგ, აფხაზეთში შეზღუდვები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ არა ამ მოცულობით“, - ამბობს მებონია. „სიტუაცია მარტივი არაა, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიაქვს, საერთოდ არ მაქვს ფინანსური შემოსავალი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სადგური განზრახ გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ჩემი ინტერესია, სადგური მუშაობდეს და ფულს იღებდეს, ხელფასებს იხდიდეს, საოპერაციო ხარჯებს ფარავდეს", - აცხადებს მებონია. მისი სიტყვებით, ოკუპირებულ აფხაზეთს ამჟამად რუსეთიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამასვე მოწმობს საქართველოს ელექტროსისტემის მონაცემებიც. 18 მარტს აფხაზურმა მხარემ განაცხადა რუსეთიდან „სოციალური ნაკადის“ დასრულების შესახებ. გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 900 მილიონი რუბლი გამოყო. ...