ქართული მედიასაშუალებები გმობენ და ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვა განაახლოს. განცხადებას, რომელსაც ამ ეტაპზე 31 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს. „რუსული კანონი არის „ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი. რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემაგოგიით. ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ! „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგვინოს", - წერია განცხადებაში. მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც მათგან ისმის. ამის გამო, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ იქცნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ გააძლიერებენ წინააღმდეგობას უფლებების დასაცავად. „არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს. გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად", - წერია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; სტუდია მონიტორი; რადიო მარნეული; საქართველოს ამბები/მთის ამბები; ქუთაისი პოსტი; ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge; პუბლიკა; გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”; ალ...