ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ფოსტის“ შენობაში, ბოლო 5 დღეში უკვე მეორედ გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ბრიგადა და პოლიცია, პერიმეტრი გადაკეტილია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა „საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია. "საქართველოს ფოსტა" ორსართულიანი შენობის პირველი სართულის მხოლოდ ნაწილშია განთავსებული. შენობის მეორე სართულზე, რომელიც წლებია უფუნქციოა, ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა. ორსართულიანი შენობა, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული, წლებია ამორტიზებულია. შენობაში ადრე კავშირგაბმულობის სამსახური ფუნქციონირებდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 1900-იან წლებში აგებულ შენობაზე სამუშაოები ბოლოს 1987 წელს ჩატარდა - შენობას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცრისფრად შეღებეს. მას შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2008 წელს შეიტანეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით. ...