ისრაელის ლიდერები 8 აპრილს ამზადებდნენ სამხედრო ოპერაციებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰისთვის, რომელსაც თავს აფარებს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელთა უმრავლესობა. პარალელურად, ეგვიპტის საინფორმაციო სააგენტო Al-Qahera კაიროში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებიდან "მნიშვნელოვან პროგრესზე" იუწყება, მოლაპარაკებები მომავალ დღეებშიც უნდა გაგრძელდეს. ისრაელმა და ჰამასმა ეგვიპტეში კვირას გაგზავნეს დელეგაციები, მანამდე, შაბათს, იქ ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი უილიამ ბერნსი. ისრაელზე ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ომის დასასრულებლად. ისრაელის მთავარმა მოკავშირემ, აშშ-მა გასულ კვირაში მოითხოვა საზავო და მძევალთა გათავისუფლების შეთანხმებების მიღწევა. ისრაელმა 7 აპრილს ღაზის სექტორის სამხრეთიდან სამხედროთა ნაწილი გაიყვანა. ღაზაში ომს ბიძგი მისცა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის თავდასხმამ ისრაელზე ექვსი თვის წინათ, 7 ოქტომბერს, რასაც, ისრაელის განცხადებით, შეეწირა 1200 ადამიანი, მძევლად წაიყვანეს 253 პირი. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან ღაზაში საპასუხო ომს ემსხვერპლა 33 100-ზე მეტი პალესტინელი. ასევე ნახეთ გაეროს უზენაესი სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომ გერმანია ისრაელს გენოციდში ეხმარება ღაზაში ...