სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „ჰავანის სინდრომის“ შესაძლო დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანამ გაატარა „სავსებით ამომწურავი რეაგირება“ და აღარ მიიჩნევს საჭიროდ, ამ ეჭვის უსაფუძვლობა ხელახლა ამტკიცოს. სუსის განცხადებაში წერია, რომ „უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე“. ასევე ნახეთ თბილისშიც დაფიქსირდა „ჰავანის სინდრომი“, რაც რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია - ჟურნალისტური გამოძიება სუსის განცხადება შეეხება The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ გარემოებებს, რომელთა მიხედვითაც, „ჰავანის სინდრომი“, - „ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები“, რაზეც წლებია, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, - რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია. ჟურნალისტური გამოძიებაში მოყვანილი ერთ-ერთი შემთხვევა შეეხებოდა 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში - სადაც „ამერიკული სოფელი“ მდებარეობს - მომხდარ შემთხვევას. ეს ჟურნალისტური გამოძიება გაშუქდა ქართული მედიასაშუალებების მიერაც. „ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვა“, - წერია სუსის განცხადებაში. 1 აპრილს გამოქვეყნდა The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 7 ოქტომბერს თბილისში, დიღომში, „ამერიკულ სოფელში“, ამერიკელი დიპლომატის ცოლმა სარეცხის გაფენისას მოულოდნელად გამაყრუებელი ხმაური გაიგონა და თავის გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო. ასევე ნახეთ „ჰავანის სინდრომი“ თბილისში: გამოძიება აღწერს, როგორ მუშაობს რუსეთის გრუ ამერიკელების წინააღმდეგ „ჯოი“ ამბობს, რომ ამ ინციდენტმა მისი ჯანმრთელობა შეარყია: გონება ებინდებოდა ხოლმე, კოორდინირება უჭირდა და ვესტიბულარული დარღვევები დაეწყო; გაუჩნდა პრობლემები სმენასთან დაკავშირებითაც. სიმპტომები, რასაც იგი აღწერს, ემთხვევა „ჰავანის სინდრომის“ მახასიათებლებს. ამერიკელი დიპლომატის ცოლი ამბობს, რომ ყურზე ორი ოპერაცია და ქალაში მეტალის ფირფიტების ჩადგმა დასჭირდა. ...