გადაიდო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კოსმოდრომ ვოსტოჩნიდან მძიმე რაკეტა „ანგარა-A“-ის გაშვება. სტარტი 9 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. სტარტის გაუქმების შესახებ ბრძანება გაშვებამდე ორი წუთით ადრე გაიცა. რაკეტას სასარგებლო დატვირთვის გამოსაცდელად ორბიტაზე უნდა გაეყვანა ბლოკი „ორიონი“. „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ სტარტის გაუქმების მიზეზია „გაუმართაობა ცენტრალური ბლოკის მჟანგავის ავზში“. „ანგარა-A“-ის სტარტის შემდეგი მცდელობა 10 აპრილს იქნება. ასევე ნახეთ კოსმოსური დაცემა - რუსეთის წილი კოსმოსის ათვისებაში უკიდურესადაა შემცირებული „ანგარას“ ოჯახის რაკეტების შექმნითა და წარმოებით დაკავებულია ხრუნიჩევის სახელობის სახელმწიფო კოსმოსური სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი. მათი მთავარი დამკვეთი თავდაცვის სამინისტროა. ოჯახი მოიცავს სხვადასხვა ტვირთამწეობის მზიდ რაკეტებს. ვარაუდობენ, რომ მომავალში ისინი შეცვლის „პროტონ-M“ მზიდ რაკეტებს. ადრე „ანგარას“ გამოცდა ტარდებოდა პლესეცკის კოსმოდრომზე არხანგელსკის ოლქში. ამურის ოლქში კოსმოდრომ ვოსტოჩნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყეს. 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი მშენებლობისას დატაცებულ იქნა 11 მილიარდი რუბლი. 2019 წლის ბოლოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ კოსმოდრომზე სამუშაოების დაწყების შემდეგ აღძრულია 163 სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულთაგან მიყენებულმა ზარალმა 21 მილიარდ რუბლს მიაღწია. გამოვლენილ დარღვევათა შორისაა მშენებლობის გაჭიანურება და საბიუჯეტო სახსრების მრავალმილიარდიანი დატაცება. გასამართლებულია 60-მდე ადამიანი. ...