ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უკრაინას ურჩევს, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევის ნაცვლად კონცენტრირებული იყოს უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებზე გავლენის მქონე სამხედრო სამიზნეებზე. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, 9 აპრილს შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ოსტინმა თქვა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უმჯობესი იქნება, უკრაინამ ძალისხმევა მიმართოს ტაქტიკური და ოპერატიული სამიზნეებისკენ. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის შეტევებისადმი ლოიდ ოსტინის პოზიცია გააკრიტიკა რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უბრალოდ არ სურს, რომ არჩევნების წელს საწვავი გაძვირდეს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება. ასევე ნახეთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევამ რუსეთს 14%-ით შეუმცირა ბენზინის წარმოება 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-მდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. გამოცემა Financial Times-ი მარტში წერდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინას მიმართა, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე. გამოცემის ინფორმირებულ წყაროთა თანახმად, ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსულ ქარხნებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა და მოსკოვის მხრიდან საპასუხო ზომების პროვოცირება. ასევე ნახეთ ვაშინგტონს კიევისთვის არ უთხოვია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის შეწყვეტა - პოდოლიაკი 9 აპრილს სენატის კომიტეტში გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას. კონგრესის ზედა პალატას, სენატს, უკრაინის მხარდასაჭერად 60-მილიარდიანი პაკეტი უკვე დამტკიცებული აქვს. რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის, მათ შორის სპიკერ მაიკ ჯონსონის წინააღმდეგობის გამო კანონპროექტისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას. ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, მაგრამ გარკვეული "სიახლეებით" უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი სამხედრო დახმარების გარეშე თავდაცვის ძალებს უკან დახევა მოუწევთ. ...