სომხეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა-ვანაძორი“ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებსა და ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებს ქალაქ გიუმრიში დისლოცირებული, რუსეთის 102-ე ბაზის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს. უფლებადამცველი ორგანიზაციის საიტზე 9 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში, უკანონოდ დააკავეს რუსეთის მოქალაქე ანატოლი შჩეტინინი, რომელსაც რუსულ არმიაში გაწვევა არ სურდა და თავი სომხეთს შეაფარა. უფლებადამცველების ცნობით, შჩეტინინი, რომელსაც უკრაინაში საომრად წასვლა არ სურდა, 102-ე ბაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და თვითმფრინავით რუსეთში დაბრუნებას უპირებენ. მას სამშობლოში დეზერტირობის მუხლით გასამართლება ელოდება. სომხეთის მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ანატოლი შჩეტინინი ქალაქ გიუმრიში, რუსეთის საკონსულოდან გამოსვლისას დააკავეს. შჩეტინინმა მოასწრო და დაურეკა ნაცნობს, რომელმაც, თავის მხრივ, დაკავების ფაქტი უფლებადამცველებს შეატყობინა. ასევე ნახეთ ვინ სად და როგორ გაექცა ომს - უკრაინელი და რუსი მიგრანტები „ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეა-ვანაძორი“ სომხეთის გენერალურ პროკურატურას და შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები უკანონოდ დაკავებული შჩეტინინის გასათავისუფლებლად და მის გამტაცებლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ. ორგანიზაციის იურისტმა ანი ჩატინიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს სომხეთის ტერიტორიაზე მსგავსი ქმედებების უფლება არ აქვთ და უკანონოდ დაკავებული ანატოლი შჩეტინინი დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს. სომხეთის გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციის შეტყობინებას „მსვლელობა მიეცა დადგენილი წესით“. 2023 წლის დეკემბერში, 102-ე ბაზის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გიუმრიში დააკავეს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე დმიტრი სეტრაკოვი, რომელმაც უკრაინაში საომრად წასვლაზე უარი თქვა და თავი სომხეთს შეაფარა. სომხეთის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ სეტრაკოვის რუსეთში დაბრუნებისთვის. სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეში არ ჩარეულან. ...