რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული ვლადიმირ კარა-მურზას დაკავებიდან ორი წლისთავზე (მის პატიმრობას ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს) აშშ-ის კანონმდებლები აცხადებენ, რომ თავიანთი "მეგობარი" არ დავიწყებიათ. 9 აპრილს ვაშინგტონში ორგანიზებულ კონფერენციაზე კანონმდებლებმა თქვეს, რომ კარა-მურზასთვის იბრძოლებენ მის გათავისუფლებამდე. მათ სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდეს, კარა-მურზას არამართებულად დაპატიმრებულის სტატუსი შეუფარდოს. "ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისთვის მუშაობას, სანამ ეს საჭირო იქნება", - განაცხადა კონგრესის ადამიანის უფლებების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯიმ მაკგავერნმა. "გავაგრძელებთ ხმის ამაღლებას. გავაგრძელებთ ამგვარი შეხვედრების მოწყობას მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით", - უთხრა მაკგავერნმა თავშეყრილ საზოგადოებას. კონფერენციას ესწრებოდნენ კარა-მურზას ცოლი ევგენია და მათი ორი შვილიც. ვლადიმირ კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს დააპატიმრეს, მაშინ, როცა იგი რუსეთში დაბრუნდა აშშ-სა და ევროპაში გამართული შეხვედრებიდან. ამ შეხვედრებზე მან უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა. ასევე ნახეთ პატიმრობაში მყოფი კარა-მურზა ამბობს, რომ პუტინის მმართველობა "მხოლოდ შიშსა და აპათიას" ეფუძნება ...