საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, "აგენტების კანონთან" დაკავშირებით აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასაჯაროდ და საჯაროდაც გამოხტა თავისი სერიოზული შეშფოთება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ის გადაახვევინებს საქართველოს თავისი ევროპული გზიდან და უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, აკეთონ საქმე ქართველი ხალხის დასახმარებლად. ხაშურში, ამერიკულ ცენტრში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა თქვა, რომ იმ კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ოკუპანტი კი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ, "არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის". ასევე ნახეთ პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია მისი „რუსულ პროექტად“ მიჩნევა "მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონპროექტი არ არის შეერთებულ შტატებში არსებული კანონის მსგავსი, შეერთებული შტატები მიესალმება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომლებსაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ხალხთან და მთავრობასთან ხელჩაკიდებული და მხარს უჭერს საქართველოს ევროპული გზას“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. მმართველი გუნდი შარშან გაზაფხულზეც და ახლაც იმეორებს ხოლმე, რომ "აგენტების შესახებ კანონიც" და მისი სახელშეცვლილი ვარიანტიც, რომელიც ტერმინ „უცხოური გავლენის აგენტს“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ცვლის, არის ამერიკული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) ანალოგი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-საგან. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი „სავარაუდოდ, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას“. რობინ დანიგანმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობაზე და ექვსი მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა აღმოუჩინა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს 30 წლის განმავლობაში. "ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვის ძალები, გააძლიერა და აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური, რათა საქართველომ შეძლოს თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება. ჩვენი დახმარებით ააშენა საავადმყოფოები და სკოლები, ჩვენ გადავამზადეთ ექიმები, მასწავლებლები და ს...