რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა ორი შვილის დედაზე, ლიდია პრუდოვსკაიაზე, რომელიც საქართველოში გადავიდა რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის მუხლით. ამის შესახებ გამოცემა „ვოტ ტაკ“ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არსებულ ჩანაწერზე დაყრდნობით. უწყებაში მიუთითებენ, რომ პრუდოვსკაია სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ მუხლს არ აკონკრეტებენ. პრუდოვსკაია ცხოვრობდა არხანგელსკის ოლქის ქალაქ მირნიში. 2023 წლის ივლისში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით. ამის მიზეზი იყო პრუდოვსკაიას პუბლიკაციები მის გვერდზე სოციალურ ქსელ „ვკანტაკტეში“. მათში ის ჰყვებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ჯარების ქმედებებზე უკრაინასთან ომის დროს. სამხედროთა მოქმედებებს პრუდოვსკაია დანაშაულებრივს უწოდებდა. 2023 წელს გამომძიებლებმა დედის საქმეზე დაკითხვაზე მოწმის სახით გამოიძახეს პრუდოვსკაიას ცხრა წლის ქალიშვილი ალისია და ათი წლის ვაჟი ევგენი. მიმდინარე წლის მარტში მან შვილებთან ერთად საქართველოში გამგზავრება შეძლო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პრუდოვსკაია დაუსწრებლად დააკავა სისხლის სამართლის საქმეზე, გაუსვლელობის შესახებ ხელწერილის დარღვევის გამო. მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ხალხის დევნა დაიწყო ომის საწინააღმდეგო გამოსვლებისა და გამონათქვამებისთვის. OVD-Info-ს შეფასებით, 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მათი ანტისაომარი პოზიციის გამო, მათგან 100-ზე მეტს ბრალად ედება რუსეთის არმიისა და მთავრობის არაერთგზის დისკრედიტაცია. ...