აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. „ამერიკის ხმის“ ცნობით, USAID-ის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? ჯინ შაჰინის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი რუსეთში მიღებული კანონის მსგავსია. „მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ?" - მიმართა სენატორმა სამანტა პაუერს, რომელიც სენატის წინაშე სააგენტოს წლიურ ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ წარდგა. პაუერის შეფასებით, „უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის ადგილი ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. „ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მისი შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე - დაცულიც", - განაცხადა სამანტა პაუერმა სენატორ შაჰინის კითხვაზე პასუხად. სენატორმა ჯინ შაჰინმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს“. ეს კი, მისი თქმით, არის „სვლა ევროპისკენ და უფლებები, რაც თან ახლავს დემოკრატიას, სრულ დემოკრატიას“. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა, როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტზე საუბრისას გამოიყენა სიტყვები: „პუტინის სტილის კანონი“. სენატორმა აღნიშნა, რომ მან ოფიციალური შეტყობინება გადასცა აშშ-ში საქართველოს ელჩს. „სენატორო შაჰინ, გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უ...