რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა ოლქზე. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ისევ ენერგოინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში 7 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ხანძარი გააჩინა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგის ენერგოობიექტზე. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საერთო ჯამში, 17 დრონით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცის და ხმელნიცკის ოლქებს. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 16 დრონი ჩამოაგდეს. ასევე ნახეთ პუტინმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას „დემილიტარიზაციის" პროცესის ნაწილი უწოდა რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მასირებული შეტევა მიიტანა 11 აპრილსაც. სარაკეტო დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა კიევის ოლქში მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა თითქმის სამ მილიონ ადამიანს. უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემების, მათ შორის Patriot-ის მიწოდების გაზრდას. ასევე ნახეთ ზელენსკი: გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და არა ხანგრძლივი დისკუსიები ...