საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში თავისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც მმართველი გუნდის მიერ პარლამენტშია ინიციირებული. კობახიძის სიტყვის ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და „ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი“. „გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოისმინეს დასაბუთება არასამთავრობო ორგანიზების მიერ, გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული“, - თქვა კობახიძემ. მან ოლაფს შოლცს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ამ პირობებში მათ სრული უფლება აქვთ, "არასამთავრობოებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.“ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ იყო უკვე ორი შემთხვევა, ხელისუფლება შეცვლილიყო არა საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად.“ კობახიძის თანახმად, „ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული, გამოაქვეყნონ ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას“. კითხვაზე, ხომ არ დაზიანდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როდესაც საქართველოს პრემიერი, კანცლერი შოლცი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კანონპროექტს სრულიად განსხვავებულად უყურებენ, კობახიძემ უპასუხა, რომ მზადაა დისკუსიისთვის ევროპელ, ამერიკელ და ადგილობრივ პარტნიორებთან. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მანამდე თქვა, რომ „დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ აგენტების შესახებ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“. ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა განაცხადა: „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერჯერობით არ არის, ალბათ არც იქნება გადაწყვეტილი“. ასევე ნახეთ დიდი იმედი მაქვს, მას აღარ მიიღებენ - ოლაფ შოლცი კობახიძეს „აგენტების კანონზე“ გერმა...