საფრანგეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში დაიბარეს 12 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნის „მიუღებელი“ კომენტარის გამო, - იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სეჟურნმა განაცხადა 8 აპრილს, რომ საფრანგეთი არ არის კრემლთან მოლაპარაკებით დაინტერესებული. ეს კომენტარი მოჰყვა რამდენიმე დღით ადრე რუსეთის და საფრანგეთის მინისტრების სატელეფონო საუბარს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით დასრულდა. საფრანგეთის ელჩს პიერ ლევის „მიაწოდეს ინფორმაცია მიუღებელი ხასიათის თაობაზე ამგვარი განცხადებისა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გმობს „წინასწარ განზრახულ ქმედებას, მიმართულს ორ ქვეყანას შორის ნებისმიერი დიალოგის შესაძლებლობისთვის ძირის გამოსათხრელად“. საფრანგეთის დიპლომატიურმა წყარომ უთხრა AFP-ს 12 აპრილს, რომ „ჩვეულებრივ, რუსეთის სამინისტროსთვის მიუღებელია, როცა მის სიცრუეს ვასწორებთ“. „მინისტრმა გაიხსენა აზრების გაცვლის დროს საქმის რეალური ვითარება და რუსეთის ხელისუფლების მცდელობა, სიტუაციით მანიპულირება მოახდინოს შეიარაღებული ძალების მინისტრის საუბრის შემდეგ“. ეს არის ორ ქვეყანას შორის უთანხმოების ბოლო ეპიზოდი. პარიზსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუარესდა წლის დასაწყისიდან, უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტის ფონზე. 3 აპრილს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის საუბრის შემდეგ, რუსეთმა თქვა, რომ „იმედოვნებს“, საფრანგეთის დაზვერვის სამსახური არ მონაწილეობდა 22 მარტს მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში, რომლისთვის პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ და რომლის შედეგად დაიღუპა 144 ადამიანი. შეხვედრის ინიციატორი საფრანგეთი იყო, რათა რუსეთისთვის მიეწოდებინა „სასარგებლო ინფორმაცია“ თავდასხმის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბრაზებული გამოეხმაურა რუსეთის კომენტარს და დაგმო „მუქარის“ შემცველი გამონათქვამი. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პარასკევს LCI-ის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ანტიტერორისტული თანამშრომლობა „არ შეჩერებულა“, მაგრამ ის არ მუშაობს ისე, როგორც ეს პარტნიორებს შორის უნდა იყოს. მან თქვა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას, „როცა ეს სასარგებლო იქნება“ საფრანგეთის ინტერესების დაცვისთვის. იანვარში რუსეთმა განაცხადა, რომ 60 ფრანგი „დაქირავებული“ მოკლა ხარკოვში, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ხოლო პარიზმა დაგმო მოსკოვიდან მომდინარე დეზინფორმაცია. რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ 12 აპრილს დაიბარა სლოვენიის ელჩი დარია ბავდაზ-კურეტი, რათა ეცნობებინა სლოვენიელი დიპლომატის გაძევების შესახებ ლუბლიანის მიერ მარტში რუსეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ მიღებული მსგავსი გ...