"ეს არის მნიშვნელოვანი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ დარჩენილია გარკვეული სამუშაო. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილ ათობით ხომალდს, რომლებიც მათ შავ ზღვის აკვატორიაში ჰყავთ“, - განაცხადა პლეტენჩუკმა. ასევე ნახეთ როდის და რამდენი სამხედრო გემი დაკარგა რუსეთმა უკრაინასთან ომში? უკრაინის ფლოტში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის უწყების წარმატებული მუშაობის წყალობით შესაძლებელი გახდა შავ ზღვაზე უკრაინული ექსპორტისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო გადაზიდვების აღდგენა, რომლის დაბლოკვაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში სცადა. უკრაინის შეფასებით, რუსეთი სერიოზულად ემუქრება შავი ზღვის უსაფრთხოებას. „სამხედრო ფლოტის დანაკარგების ფონზე ოკუპანტებმა გააძლიერეს საავიაციო კომპონენტი და შავი ზღვის რეგიონში მუდმივად მორიგეობენ რუსული თვითმფრინავები, რაც უკრაინისთვის პრობლემაა", - აღნიშნა დიმიტრი პლეტენჩუკმა. ასევე ნახეთ უკრაინის ფლოტის ხელახალი დაბადება - როდის ჩაებმებიან უკრაინული გემები საზღვაო ბრძოლებში? ამჟამად უკრაინა საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენას და განვითარებას ცდილობს, რომელიც რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას გაუნადგურდა. ცნობილია, რომ უკრაინელი მეზღვაურები იძულებულნი გახდნენ, ნიკოლაევში ჩაეძირათ ქვეყნის ფლაგმანი ხომალდი „ჰეტმან საგაიდაჩნი“, რათა ის რუსეთს არ ჩავარდნოდა ხელში. უკრაინის სამხედრო ფლოტისთვის ახალი ხომალდები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენდება და უცნობია, თუ როდის მიიღებენ ისინი მონაწილეობას ან რა როლს შეასრულებენ რუსეთ-უკრაინის ომში. არსებობს საფრთხე, რომ კიევისთვის განკუთვნილი ხომალდები უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლისთანავე რუსეთის ძვირფას სამიზნედ იქცნენ. ...