რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ თავის ჯარებს უბრძანა, 9 მაისამდე ხელთ იგდონ ჩასოვ-იარი, - ამის შესახებ 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. "რიცხვითი უპირატესობისა და სხვადასხვა სამოტივაციო ფაქტორების გამოყენებით, მათ შორის ხალხის დახვრეტით, მტრის ქვეითი ცალკეული ჯგუფები შევიდნენ ნოვის მიკრორაიონში, სადაც ისინი გაანადგურეს FPV-კამიკაძე დრონების თავდასხმებით და საარტილერიო ცეცხლით", - თქვა გენერალმა სირსკიმ. უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად, დასახლებულ პუნქტ ჩასოვ-იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად", - აღნიშნა სირსკიმ. ასევე ნახეთ ფრონტზე ვითარება სერიოზულად გაუარესდა, მტერი ჩასოვ იარს უტევს-გენერალი სირსკი 5 და 9 აპრილს, უკრაინულ პროექტ Deep State-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს რუსეთის ჯარების წინსვლის შესახებ ჩასოვ იარის და მისი აღმოსავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ბოგდანოვკის მიმართულებით. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშების ანალიზი მიუთითებს ფრონტის ამ სექტორში აგრესორის ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციაზე. კერძოდ ადგილი ჰქონდა 156 თავდასხმას ბახმუტსკისა და 159 ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი. "მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ზოგჯერ ახერხებენ ტაქტიკური წარმატებების მიღწევას“, - წერს გენერალი სირსკი. რუსეთის ჯარები გასული წლის ბოლოდან კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით უტევენ დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ახალი დასახლებული პუნქტების დასაკავებლად. რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, - ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება. ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა პარტნიორები უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის ხარკოვში. ...