ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი. "ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ... შეხვედრა", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და დასძენს: "ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში". 13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა. ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი. ასევე ნახეთ ირანის მასშტაბური საჰაერო თავდასხმა ისრაელზე - რა ვიცით ...