აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, რომ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას გადაიყვანს ევროპული გზიდან. კორესპონდენტის შეკითხვას, როგორ ეხმიანება ეს, ქართველი ხალხის და მთელი დასავლეთის მიერ დაგმობილი და მხოლოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი "აგენტების კანონი" საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მილერმა უპასუხა: "უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კვლავაც ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი წინაღობას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, დღეს ამ საკითხს აქ დავტოვებ და არ ვილაპარაკებ იმ შედეგებზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება". ბრიფინგზე მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ მის მიერ გასულ კვირაში გამოთქმულ მოწოდებაზეც გამოძიების ჩატარებაზე აშშ-ის მიერ სანქციების სიაში შეყვანილი ოთხი მოსამართლის გარშემო. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კავშირი ამ თემაზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან - რადგან გამოძიების ნაცვლად, საქართველოს წარმომადგენლები მოსამართლეთათვის სანქციების მოხსნას ითხოვენ. "თქვენ მიერ ნახსენები სამი სანქცია ამოქმედდა იმ მანკიერი ფიგურების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და იმუშავეს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის მათი სასამართლო სისტემის მიმართ. რაც ეხება კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან, ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ მთავრობის მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს შეუწყობს ხელს". 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაგრძელდება. ასევე ნახეთ "საქართველოს ევროპული გზიდან ააცდენს" - სახელმწიფო დეპარტამენტი "აგენტების კანონზე" ...