თეთრ სახლში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აშშ უკრაინაში საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება. ამას წინ უძღოდა მოკავშირეებისადმი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომ უკრაინა ისევე დაიცვან, როგორც ისრაელი დაიცვეს ირანის შეტევისგან. თეთრ სახლში 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ჯონ კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ აშშ მოკავშირეებთან ერთად ისრაელს დაეხმარა ირანული დრონების განადგურებაში, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს უკრაინაში. კირბიმ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა კონფლიქტი, სხვადასხვა საჰაერო სივრცე და საფრთხის სხვადასხვა სურათია. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მკაფიოდ თქვა, რომ აშშ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვება. კირბის განცხადებით, უკრაინას ეხმარებიან იარაღით, რომელიც საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების არარსებობის გამო. თეთრი სახლი კვლავ მოუწოდებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მხარი დაუჭიროს სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. ასევე ნახეთ სპიკერმა ჯონსონმა ერთმანეთისგან გამიჯნა ისრაელის და უკრაინის დახმარება ირანმა ისრაელზე შეტევა 13-14 აპრილს მიიტანა. ისრაელის არმიის ცნობით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ევროპული სარდლობის საბრძოლო გემების მხარდაჭერით გაანადგურეს 80-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით იყო ნასროლი ირანიდან და იემენელი ჰუთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. 15 აპრილს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის ნატოს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს. ...