რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას შორის შეხვედრისა, რომელიც 15 აპრილს ვაშინგტონში გაიმართა. "ჩეხეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთის შესაჩერებლად. ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა კვლავ მშვიდობა მოუტანონ უკრაინას. თქვენ ჩეხეთში იცით, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ აფასებს ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ჯო ბაიდენი უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაში დაარწმუნა. "1968 წელს პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც რუსული ტანკები ჩემი მშობლიური ქალაქის (ბრნო-რედ.) ქუჩებში ვნახე. აღარ მინდა ამის ნახვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ინიციატივა, რომელიც უკრაინას ასიათასობით საარტილერიო ჭურვის მიღების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. ჩეხეთმა 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება. WSJ-ის ჟურნალისტების თანახმად, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს ჭურვებს. ასევე ნახეთ WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს იძენს, მათ შორის - რუსეთის მოკავშირეებისგანაც ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდი ფინანსური წილი გაიღო გერმანიამ. ჩეხეთის მეზობელი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები, სლოვაკეთი და უნგრეთი, არ უერთდებიან ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივას და არ აპირებენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. „ჩვენ ვთვლით, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავეხმაროთ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით და უპირატესობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვანიჭებთ“, - განაცხადა 21 მარტს პრაღაში ვიშეგრადის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა. ასევე ნახეთ არც ჭურვები და არც სხვა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის - უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიცია უცვლელია ...