საფრანგეთმა აზერბაიჯანის „ცალმხრივი მოქმედებების“ გამო ბაქოდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია. გადაწყვეტილება 16 აპრილს გამოქვეყნდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, აზერბაიჯანი განაგრძობს ცალმხრივ მოქმედებებს, რომლებიც აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 16 აპრილს შეხვდა ბაქოდან კონსულტაციებისთვის გაწვეულ ელჩს, აზერბაიჯანის მოქმედებებს სამწუხარო უწოდა და განმარტებების მიღების სურვილი გამოთქვა. საფრანგეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის და ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და მიიჩნევს, რომ ურთიერთობების მოგვარება სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისა და მთლიანად რეგიონისთვის. ასევე ნახეთ ფრანგული იარაღი სომხეთს საქართველოს გავლით - რა შეიცვალა? აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთი არაერთხელ დაადანაშაულა სომხეთის მხარდაჭერაში. 2023 წლის დეკემბერში ბაქომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთის საელჩოს ორი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა პარიზმაც. 2024 წლის მარტის ბოლოს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალი ნაგიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ხელს არ უწყობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას, სომხეთს იარაღს აწვდის და ომისკენ უბიგებს. თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებამ ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანი არაერთხელ დაადანაშაულა ახალი ომის გაჩაღების მცდელობასა და სომხეთის ტერიტორიების მიტაცების განზრახვაში. ასევე ნახეთ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი 2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა. ...