ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ის ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს მიმართავს თხოვნით დაიწყოს მუშაობა სანქციების გაფართოებაზე, თეირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის პასუხად. ბორელი ამ განცხადებით გამოვიდა 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც სასწრაფო წესით მოწვეულ ვიდეოკოფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს ამ შეტევის შედეგების განხილვა, ხოლო ისრაელის ომის კაბინეტი შეკრებას გეგმავდა ირანის მხრიდან შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის პასუხზე მსჯელობის მიზნით. ბორელის თქმით, ევროკავშირმა კოორდინაცია უნდა გაუწიოს ევროპის პასუხს პირველ თავდასხმაზე, რომელიც ისრაელზე ირანის ტერიტორიიდან განხორციელდა და რომელიც, მისი თქმით, "ნამდვილად წარმოადგენს მნიშვნელოვან ესკალაციას რეგიონში უკვე ძალიან დაძაბული სიტუაციისა". მისი თქმით, ვიდეოკონფერენციაზე მინისტრებმა "მყარი პოზიცია დაიკავეს და რეგიონის ყველა მოთამაშეს სთხოვეს მოშორდნენ უფსკრულს". ისრაელის არმიის შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერზი ჰალევიმ 15 აპრილს განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ნასროლ, 300-ზე მეტ რაკეტას და დრონს "პასუხი გაეცემა" - მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მან მცირე ზარალი გამოიწვია - თუმცა მისით გაიზარდა შიში, რომ ძალადობა კიდევ უფრო გაფართოვდება მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, ღაზის სექტორში ამჟამად მიმდინარე ომის მიღმა. ასევე ნახეთ რა ვიცით კამიკაძე დრონებზე, რომლებიც ირანმა ისრაელზე შეტევისთვის გამოიყენა ...