რუსეთმა და უკრაინამ 2022 წელს მოამზადეს რამდენიმე ვერსია სამშვიდობო მოლაპარაკებისა, რომელსაც ომი უნდა დაესრულებინა - თუმცა საბოლოო ტექსტი არ შეათანხმეს. დოკუმენტში განიხილებოდა ევროპის ომისშემდგომი წესრიგი, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული ბრძოლის შეწყვეტის ზუსტი გეგმა. ამასთან, მხარეები განიხილავდნენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ამერიკის შესაძლო გარანტიებს, მოლაპარაკებებში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ წერს ამერიკული ჟურნალი Foreign Affairs, 16 აპრილს. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის და უკრაინის დელეგაციებმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს სამშვიდობო მოლაპარაკების განხილვის მიზნით. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შემდგომში აცხადებდა, რომ შეთანხმება მზად იყო, თუმცა მასზე ხელმოწერა უკრაინამ ჩაშალა. გამოცემა წერს, რომ არანაირი საბოლოო ტექსტი არ ყოფილა შეთანხმებული. თუმცა, წერს Foreign Affairs-ი, 2022 წლის აპრილისთვის უკრაინამ მოამზადა სამუშაო ვერსია კომუნიკესი მოლაპარაკებებზე, რომელშიც განიხილებოდა მისი, როგორც ნეიტრალური და ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს სტატუსი. რუსეთი დათანხმდა ამ ტექსტის მიღებას სამომავლო შეთანხმების საფუძვლად. კიევი თანხმდებოდა მისი ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული უცხოეთის სამხედრო ბაზებისთვის და უარი ეთქვა სამხედრო გაერთიანებებში გაწევრიანებაზე. ტექსტის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის გარდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები მომავალში უნდა ყოფილიყვნენ ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი. კიევს სიაში თურქეთის ჩართვაც სურდა, მოსკოვს - ბელარუსის. კომუნიკეს თანახმად, თუ უკრაინა თავდასხმას დაექვემდებარებოდა და დახმარებას ითხოვდა, გარანტიის გამცემი ყველა სახელმწიფო ვალდებული ხდებოდა კიევისთვის დახმარება გაეწია, უკრაინის უსაფრთხოების აღსადგენად. საუბარი ეხებოდა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, იარაღის მიწოდებას ან პირდაპირ ჩარევას გარანტიის გამცემი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მხრიდან. ამასთან, გარანტიის გამცემ სახელმწიფოებს - რუსეთის ჩათვლით - ხელი უნდა შეეწყოთ უკრაინის გაწევრიანებისთვის ევროკავშირში. დოკუმენტის პროექტში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსეთს და უკრაინას ყირიმის საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაეწყვიტათ ათიდან 15 წელიწადის განმავლობაში. მას მერე, რაც რუსეთმა 2014 წელს ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა, მოსკოვი არ თანხმდებოდა მისი სტატუსის განხილვას და ყირიმს რუსეთის რეგიონად აცხადებდა. რეგიონის სტატუსის განხილვის შეთავაზებით კრემლი ირიბად აღიარებდა, რომ ეს ასე არ იყო - წერს გამოცემა Foreign Affairs. მოსკოვი ახლა აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ზეწოლის გამო, რასაც იგი უარყოფს. გამოცემა ამგვარ ინტერპრეტაციას "კარი...