ბობ ჰამილტონი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის ატაშე თბილისში, ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ფიქრობს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი. ჰამილტონი, რომელიც ახლა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელია, პლატფორმა X-ზე, ყოფილ ტვიტერზე, ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს. „არ მსურს, პანიკა გამოვიწვიო, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთის ინტერვენცია საქართველოში შესაძლებელია მომდევნო კვირებში/თვეებში“, - წერს იგი და ჩამოთვლის ხუთ მიზეზს, რის გამოც ასე ფიქრობს: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოეთის აგენტების“ კანონი; საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება კანონს და ქუჩაშია გამოსული გასაპროტესტებლად; მთავრობამ უკვე გამოიყენა ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამან შეიძლება, უფრო დიდი დემონსტრაციები გამოიწვიოს, ასევე გამოიწვიოს მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ძალის გამოყენება; ასეთ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება გამოაცხადოს, რომ თბილისში „ხავერდოვანი რევოლუცია“ მიმდინარეობს; "ქართული ოცნების" მთავრობამ შეიძლება, რუსეთს დახმარება სთხოვოს (როგორც ყაზახეთში მოხდა 2022 წელს); ან რუსეთმა უბრალოდ გააყალბოს თხოვნა მთავრობისგან და შეიჭრას, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია“. მისი განცხადებით, დასავლეთის მთავრობებმა ამ სცენარის განხილვა უნდა დაიწყონ და გადაწყვიტონ, რა რეაგირება ექნებათ. три 2022 წლის იანვარში მასობრივ პროტესტს ყაზახეთში, რომელიც სისხლისმღვრელ შეტაკებებში გადაიზარდა, ოფიციალური მონაცემებით, 227 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 19 პოლიციელის. პროტესტი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე თხევადი გაზის ფასების მატებას მოჰყვა. დემონსტრაციები სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მალევე პრეზიდენტ ტოყაევის პასუხად, რუსეთის გარშემო შექმნილმა სამხედრო ალიანსმა, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“, კუხომ, ყაზახეთში ჯარისკაცები გაგზავნა. ვლადიმირ პუტინმა ინტერვენციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო რეგიონული მოკავშირეების დაცვა „უცხოური ჩარევისაგან მოკავშირეთა შიდა საქმეებში“. „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად მოქალაქეები უკვე მესამე დღეა იკრიბებიან საქართველოს პარლამენტის შენობასთან. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს მიიღო. ასევე ნახეთ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით ...