უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აეროდრომზე ზუსტი დარტყმისთვის. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები 17 აპრილს, გამთენიისას მოხდა. ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამზადებს რუსეთის არმიის ტექნიკის და საბრძოლო ინფრასტრუქტურის განადგურების უმნიშვნელოვანეს სპეცოპერაციებს, რადგან ოკუპანტის ყოველი დანაკარგი უკრაინის ძალაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოპერაციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის. რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ აეროდრომზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები იყო. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები რუსეთის არმიას აძლევს უპირატესობას როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთში. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით იერიში არაერთხელ მიიტანეს. ...