„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ის ამბობს, რომ ხალხი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. „ამ აქციებმა, დღეებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის [„აგენტების კანონი“] მიმართ. ზუსტადაც ამ აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე“, - უთხრა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა. რაც შეეხება 17 აპრილს გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა რაოდენობას, პაპუაშვილმა განაცხადა: „ხალხი არის ფართო ცნება და მინიმუმ 3,7 მილიონი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ასევე ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის გარეთ. უფრო დიდი ცნება არის, ვიდრე ცალკეული ჯგუფები.“ პაპუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნას კანონპროექტის გაწვევაზე. „რაც შეეხება იმას, რას აკეთებს პარლამენტი და რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, როგორც ხალხის წარმომადგენელმა, ამ დიდი ჯგუფის, უნდა გააკეთოს ის, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის კარგი. მასე თუ მივყვებით, ოპოზიციამ შეძლო 2022 წელს, მათ შორის, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის მობილიზება იმისთვის, რომ მოეთხოვა, გაგვეშვა მოხალისე-მებრძოლები უკრაინაში. უნდა გაგვეშვა?!“ - თქვა მან. პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა: „ეს ასე არ წყდება. ხალხი წყვეტს უპირველეს ყოვლისა არჩევნებზე თავისი მანდატის მინიჭების საკუთარი წარმომადგენლებისადმი. პარლამენტში წარმოდგენილია ყველა გემოვნება, რაც საზოგადოებაში არის... პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭირო არის ხალხისთვის. ამ დღეებმა დაადასტურა კიდევ ერთხელ საჭიროება ამ კანონის, რომ იყოს გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება.“ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან, მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. „ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე. три ...