გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. "ეს ნაბიჯი ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და მიღწეულ პროგრესს ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით. ეს, ასევე სერიოზული უკუსვლაა მედიის თავისუფლებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საქართველოში - და ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ერის ევროინტეგრაციის პროცესი", - წერია განცხადებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე, ფრანსუა ვალერიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა სახელწოდებით ხელახალი ინიციირება არ ცვლის თავდაპირველ განზრახვას და, რომ იგი ანადგურებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს, ისაუბროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე: "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს მის უკანგადადგმულ ნაბიჯს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ღია მმართველობისა და დემოკრატიული მთლიანობის პრინციპებისადმი. საქართველოს დემოკრატიის მომავალი და მისი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში დამოკიდებულია კრიტიკული ხმების დაცვაზე და არა დევნაზე". ასევე ნახეთ ექვსი ოპოზიციური პარტიის განცხადება: მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“. ასევე ნახეთ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინაააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა აგენტების კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ. 16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ...